შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - განათლება

2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება - იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა.


2018 წლის აპრილის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 48 624 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 16 294 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.5%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 1 659 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული


2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა. ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ განათლებას სათანადო ყურადღება არ მიექცა. უკეთესი განათლება გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის მაღალი ტემპი.


ჩვენი მიდგომა ორ ნაწილად იყოფა:

1. ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლებას. ამიტომ, ჩემი გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არანაკლებ 50%-ს დაიხარჯება უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად;
2. იმავდროულად, “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან როგორ გაიზარდოს:

  • ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი;
  • სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს - მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს;
  • სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 8000 სტუდენტით.