შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

ჩვენი საგარეო პრიორიტეტებია:

  • განუხრელი მსვლელობა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;
  • ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
  • ევროკავშირის და სხვა პარტნიორ პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო ქვოტებზე შეთანხმების მიღწევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შეთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშავონ ამ ქვეყნებში, რაც მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ნიშნავს;
  • შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა ექვსი წელია “ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს;
  • ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების ეფექტურად გამოყენება, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმოება.


პრეზიდენტი საქართველოს ინტერესების უპირველესი წარმდგენი და დამცველია საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ის უმთავრესი საკითხია, რომელსაც უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი მუშაობა სჭირდება. ამასთან, მთავრობასთან კოორდინაციით, პრეზიდენტმა, როგორც საქართველოს მთავარმა ლობისტმა უცხოეთში, უნდა იმუშაოს, რათა მეტი ინვესტორი ჩამოვიდეს, მეტი ფული ჩაიდოს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს საქართველოში.