შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - ტერიტორიული მთლიანობის საკითხები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა. დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, "ევროპული საქართველო" საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს.

 

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია" - შენარჩუნება, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ეს ხელს შეუწყობს ოკუპაციით დაშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ კონტექტსტში მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფა.  

 

ჩვენი ამოცანაა, არ გაგრძელდეს "მცოცავი ოკუპაცია", არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, უნდა გაზიარდოს უსაფრთხოების ზომები ოკუპაციის ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს საგუშაგოების განთავსებით და მთელი პერიმეტრის გასწვრივ პატრულირების აღდგენით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააფართოვოს რაოდენობა „ოთხოზორია - ტატუნაშვილის" სიაში მოხვედრილი ადამიანებისა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და მკვლელობებზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის ჩვენი პარტნიორების მიერ საერთაშორისო სანქციების დაწესება.

 

დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი, გალის და ახალგორის რაიონების მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტს, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები.