შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - სოციალური უსაფრთხოება

გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში რჩება საკმარისი რესურსი ხალხზე ორიენტირებული, მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2019 წლიდან 1) 50 ლარით გაიზარდოს პენსია 720 ათასი ასაკით პენსიონერისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 125 ათასი პირისთვის; 2) 45-დან 60 ლარამდე გაიზარდოს დევნილის შემწეობა 273 400 დევნილისთვის; 3) საარსებო შემწეობა დამატებით დაენიშნოს 100,000 ადამიანს. პირველ რიგში, ყურადღება მიექცეს მათ, ვისაც “ქართული ოცნების” გაუმართლებელი პოლიტიკის გამო, საარსებო შემწეობა შეუწყდა.

ამავდროულად, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისათვის. ამ სისტემით, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, დღეს 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 1 026 ლარს.

“ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია. მონაწილე თავად ირჩევს შენატანის ოდენობას:

  • რამდენს შეიტანს ხელზე ასაღები დაბეგრილი ხელფასიდან;
  • რამდენი დაემატება თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან.


ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და მისი ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის გარეშე.