შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - ჯანდაცვა

მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებულ “საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვაში”, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე აქცენტით ჩატარდა, პირდაპირაა ნათქვამი, რომ “ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის დაფინანსების კვლავ დომინანტურ წყაროდ რჩება (მთლიანი ხარჯის 66%)”.

ეს მდგომარეობა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაღარიბებისგან დაუცველს ხდის საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკუთარ ჯიბეზე არა მხოლოდ მედიკამენტის ხარჯი აწვებათ. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი ნაწილი, შედარებით ნაკლებხარჯიანი ამბულატორიული მკურნალობის ნაცვლად, ძვირადღირებულ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მიდის, რაც პრობლემაა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ასევე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის.

სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. ამისათვის 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის, განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტური ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.