შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - დასაქმება

უმუშევრობა ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემაა. 2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 10.7 ათასით (0.62%-ით) არის შემცირებული. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა მცირე ბიზნესში, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი წყარო უნდა იყოს: 2017 წელს მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 30 ათასით არის შემცირებული.

გადასახადების დაწევით, ბიუროკრატიის შემცირებით, ზედმეტ რეგულაციებზე უარის  თქმით, ბიზნესის დაცულობის უზრუნველყოფითა და ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც უმუშევრობის დაძლევის, ფასების დასტაბლურების, სიღარიბის შემცირების ერთადერთი გზაა.

სამშობლოში დაბრუნებამდე, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ჩვენი თანამემამულეებისთვის უცხოეთის შრომითი ბაზრების გახსნას და დასაქმების ქვოტების გამოყოფას უნდა მივაღწიოთ, ეს ლეგალურ სამუშაოს, მეტ ხელფასსა და დაცვის გარანტიებს ნიშნავს. ამ საკითხს და ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობაში.

მისასალმებელია, რომ საქართველოში ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დადებითად გამოეხმაურა ჩემს წინადადებას ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ქვოტების გამოყოფის თაობაზე. ახლა ამას სჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკის გამხორციელება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენი თანანმემამულეებისათვის რეალობად იქცეს.