შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - ზოგადი ხედვა

“ქართული ოცნების” არასწორმა ნაბიჯებმა ქვეყანაში სიღარიბე, შემცირების ნაცვლად, გაზარდა. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს სერიოზულად დაარტყა ფასების ზრდამ, განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებზე. ლარის თანდათანობითი დასუსტებით გამოწვეულ ფასების ზრდას დამატებითი ბიძგი მისცა “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე - აქციზის გაზრდამ. მოიმატა ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადმა.


მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაზრდილი ყოველდღიური ხარჯი ვერ დაეწია შემოსავალს. მოქალაქეებს გაუჭირდათ კრედიტების გადახდა. მთავრობის მიერ ამ სფეროში შემოღებულმა ხელოვნურმა ბარიერებმა, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახადა კრედიტები, ხოლო დანარჩენისთვის გააძვირა.


უმუშევრობის მაღალი დონის, გაძვირებული ცხოვრების, გაზრდილი სიღარიბისა და ხალხის პრობლემების მიმართ “ქართული ოცნების” სრული უგულისყურობის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი უიმედობაში ჩავარდა, ნაწილმა კი, თავისა და ოჯახის გადასარჩენად, უცხოეთს მიაშურა.


მოქალაქეთა უიმედობის დაძლევა და ხვალინდელ დღის პერსპექტივის რწმენის გაღვივება, ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩეული, და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომ მომავალი პრეზიდენტი არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი უნდა იყოს: იაროს ხალხში, მოისმინოს მათი პრობლემების შესახებ, გამოსავალი შეთავაზოს საზოგადოებას.


კონსტიტუციურად შეზღუდული უფლებებითაც კი, ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც ხალხს ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ გვაქვს ცოდნა და კომპეტენცია და, რაც მთავარია, უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი. ამიტომ, პირველ რიგში, უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა უნდა დავძლიოთ იმისათვის, რომ  საიმედო ხვალინდელი დღე გვქონდეს.